ახალი ამბები

სააკაშვილმა კოკოითის განცხადებები გააპროტესტა

დღეს თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადება, რომლის მიხედვითაც ცხინვალი შეეწინააღმდეგება და აგრესორად მიიჩნევს იმ ძალებს, რომლებიც რეგიონში რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებას მოინდომებენ.


“ჩვენ გვინდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ პრობლემაა, როცა გამოდის სეპარატისტული ანკლავის ლიდერი [ედუარდ კოკოითი], რომელსაც ხვდება რეგულარულად რუსეთის პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] და ამბობს, რომ ის გაანადგურებს ყველა ლიტველს, უკრაინელს, დასავლეთ ევროპელს, ვინც გადაწყვეტს, რომ სამშვიდობო მისია იკისროს ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა 18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცხინვალი მხარს უჭერს რუსულ სამშვიდობო ოპერაციას და არ დაუშვებს სამშვიდობო მისიაში სხვა ქვეყნების ჩართვას. 


“თუ საქართველო, პრეზიდენტის და მთავრობის დონეზე, მიიღებს გადაწყვეტილებას სამშვიდობოების გაყვანის შესახებ, მაშინ კონფლიქტის ზონიდან გაიყვანონ თავისი სამშვიდობოები. აქ ჩვენ არავითარი მესამე ქვეყანა არ გვჭირდება, მათ შორის ისინი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი გახდნენ სამშვიდობოები… ყველა სხვა ფორმირებებს, გარდა რუსულისა, ჩვენ ჩავთვლით აგრესორებად“,- განაცხადა კოკოითმა.


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ ქართველმა დეპუტატებმა პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება 15 თებერვალს მიღებულ დადგენილებას მოჰყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button