
კობა ბექაური სავარაუდოდ პარლამენტს დატოვებს
17 თებერვალს პარლამენტმა საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ დეპუტატების ბიზნეს-ინტერესების შემსწაველელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგი განიხილა. თუმცა კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც არ დადასტურდა “ოპიზაში“ წილების გასხვისების პროცესში დეპუტატების, “მათ შორის კობა ბექაურის მონაწილეობა“ და პარლამენტარისთვის შეუთავსებელი საქმიანობა, საკანონმდებლო ორგანომ კენჭი არ უყარა.
შედეგად უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ბექაური უახლოეს დღეებში პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.
გარდა ოპოზიციისა, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ ეთანხმებოდა, განსხვავებული პოზიცია გამოხატეს ასევე უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ და ფრაქცია “მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ბესო ჯუღელმა.
“ბექაურს დამნაშავედ ვთვლი, თუმცა მისი პარლამენტიდან გასვლა არ მინდა“, – განაცხადა ბესო ჯუღელმა.
მაია ნადირაძის განცხადებით, საერთოდ არ იყო საჭირო საგამოძიებო კომისიის შექმნა. “ეს იყო ოპოზიციის ხერხი, რომ ხშირად მისცემოდათ საშუალება ელაპარაკათ უმრავლესობის ცუდ მხარეებზე“, – განაცხადა 17 თებერვალს ნადირაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა მისი ყოფილი მოადგილე კობა ბექაური მისი ოჯახის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებაში დაადანაშაულა და მას დეპუტატ ბეჟან გუნავასთან ერთად “მტერი“ უწოდა.
17 თებერვალს “დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა ბეჟან გუნავამ კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც უმრავლესობის ლიდერის და მისი მეუღლის, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ზურაბ ჩიკვილაძის “კორუმპირებულ გარიგებებს შეისწავლის“.