
ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში მოქალაქეებისთვის ცენტრალურ გზას ხსნის
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა პაატა ბედიანაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გახსნას ცენტრალური გზა რეგიონში როგორც ქართველი, ისე ოსი მოქალაქეებისთვის.
“გზა მხოლოდ რუსი სამშვიდობოებისთვის იქნება ჩაკეტილი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ქართულმა მხარემ ცხინვალისკენ მიმავალი გზა 19 თებერვალს მას შემდეგ ჩაკეტა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში დაგეგმილი ქართველი სამშვიდობოების როტაცია უკანონო იყო და ქართველ სამშვიდობოებს ცხინვალის გავლის საშუალება არ მისცა.
ბედიანაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები ცენტრალურ გზაზე მანამდე დარჩება, სანამ ქართველ სამშვიდობოებს არ მიეცემათ საშუალება ცხინვალის გავლით ქართულ სოფელ აჩაბეთში შევიდნენ. აჩაბეთი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს.