ახალი ამბები

საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩს განმარტებითი ნოტა გადასცა

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დაიბარეს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე რუსი სამშვიდობოებისთვის ვიზების საჭიროების თაობაზე განმარტებითი ნოტა გადაეცა.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 8 თებერვალს საქართველოს სამხედრო პოლიციამ სამი რუსი ოფიცერი სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზნით გაათავისუფლა.  ამ ინციდენტზე მოსკოვმა განაცხადა, რომ რუს ოფიცრებს ვიზები არ სჭირდებოდათ.
 
სამინისტროს ინფორმაციით, არ არსებობს შეთანხმება, რომელიც ცხინვალის რეგიონში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების პერსონალს მიანიჭებდა რაიმე სახის შეღავათებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.


“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც შედიან დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალებისა და შერეული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ვრცელდება სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთის მხარემ შემოიღო 2000 წელს და დღესაც მოქმედებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ საქართველოს ვიზები საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია საგარეო უწყების საპროტესტო ნოტაში.


ამავდროულად, თბილისი გამოთქვამს მზადყოფნას რუსეთთან კონსულტაციების დასაწყებად სავიზო საკითხების გადაწყვეტისთვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით.

Back to top button