ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობის გზებს ეძებენ

გაზეთ”რეზონანსის“ ცნობით, ოპოზიცია შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაერთიანებაზე კონსულტაციებს მართავს.


თუმცა, გაზეთის ცნობით, არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა თანამშრომლობის ფორმებთან დაკავშირებით. “ლეიბორისტები ბოიკოტს ითხოვენ, “ახლებს“ და “კონსერვატორებს“ ეს იდეა არ მოსწონთ, “რესპუბლიკელები“ გაერთიანებულ ოპოზიციაში წამყვან ძალად სალომე ზურაბიშვილის [ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის] ფიგურას მოიაზრებენ, “მრეწველები“ კი თანაბარ უფლებებზე საუბრობენ და გაერთიანების შემთხვევაში უპირატესობის რომელიმე პარტიაზე მინიჭებას არ ეთანხმებიან“, – წერს “რეზონანსი“.


გაზეთი “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ახლო თანამშრომლობის საჭიროება განაპირობა საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე პირველ ადგილზე გასული პარტია საარჩევნო ოლქებში ყველა მანდატს მიიღებს, ხოლო თავად სახელისუფლებო პარტია არის ადმინისტრაციული რესურსის იმედზე.

“რესპუბლიკური პარტია არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე ჩვენ რამდენიმე პარტიასთან ერთად გამოვიდეთ. მაგრამ რომელ პარტიებთან, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორები კონსერვატორები არიან. საქმიანი და ცივილური ურთიერთობა გვაქვს ლეიბორისტებთან. ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები არ ვიქნებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ახლახანს პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, დაადასტურა, რომ იგი ჩართულია ოპოზიციურ პარტიებთან “არაფორმალურ კონსულტაციებში“. “გაერთიანებას არ გამოვრიცხავ… მიმაჩნია, რომ კოალიციები და ყველაფერი ეს ჯერ პოლიტიკის მიმართ უნდა მოხდეს და არა მხოლოდ ადგილებისთვის [საკანონმდებლო ორგანოში]“, – იტყობინება “რეზონანსი“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

Back to top button