ახალი ამბები

რუსი დეპუტატები სამშვიდობოების გაყვანას საჭიროდ არ მიიჩნევენ

თბილისში მყოფი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი, რომელიც საქართველოს სამ რუს დეპუტატთან ერთად 14 თებერვლიდან სტუმრობდა, რუსი სამშვიდობოების შესახებ საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებას ემოციურ ფონზე მიღებულ “პოლიტიკურ განცხადებად“ აფასებს და აცხადებს, რომ  “რუსი სამშვიდობოები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დარჩებიან“.


რუსმა დეპუტატებმა დღეს ქართველ კოლეგებთან კოტე გაბაშვილთან და გივი თარგამაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე სათათბიროს დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო.


“ჩვენი პოზიცია უცვლელია. სამშვიდობო ძალებს საერთაშორისო ფორმატი აქვთ, რომელშიც მონაწილეობს სამი მხარე[ქართული, რუსული, ჩრდილოეთ ოსური], ამიტომ სამშვიდობო ოპერაციის არაეფექტურობაში ერთ-ერთი მხარის დადანაშაულება არასწორია… ჩვენ ვადასტურებთ, რომ რუსული სამშვიდობო კონტიგენტი კონფლიქტის ზონაში დარჩება და მათთან დაკავშირებული პრობლემები სამუშაო ვითარებაში გადაწყდება“, – განაცხადა ბაბიჩმა.


“მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო ფორმატი ვალდებულებების ხარისხიანად შესრულების შესაძლებლობას იძლევა…სამშვიდობოების წინაშე დასმული ამოცანები სრულდება, მათ შორის ომის განუახლებლობის, სისხლისღვრისა და სეპარატიზმის დაუშვებლობის შესახებ”, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარაგამაძის განცხადებით, უსაფუძვლოა, იმის თქმა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში დარჩებიან.  მან ასევე უარყო, რომ პარლამენტმა დადგენილება “ემოციურ“ ფონზე მიიღო.


“პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გულისხმობს მოლაპარაკებებს… გთავაზობთ ახლავე გადაიხედოს სოჭის ხელშეკრულება, რადგან თუ ეს პროცესი გზას ასცდა, მაშინ ამოქმედდება [11 ოქტომბრის დადგენილების] მე-4 პუნქტი, რომელიც სამშვიდობოების გასვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ და აქვე დასძინა, “აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, შორს ვართ საომარი იდეებისგან და არ გვსურს ვითარების დაძაბვა“.


ქართველი და რუსი დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტშორისი დიალოგი უახლოეს მომავალში მოსკოვში გაგრძელდება. 

Back to top button