
ევროკავშირის კომისარი საქართველოს ეწვევა
ევროკავშირის კომისარი საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო–ვალდნერი 16 თებერვალს საქართველოს ეწვევა თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.
ვიზიტის დროს იგი კონსულტაციებს გამართავს საქართველოს ხელმძღვანელობასთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე განიხილავს “გაყინულ კონფლიქტებს“ რეგიონში და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, იტყობინება ევროკომისია.
“სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში გაწევრიანებით დაიწყო ჩვენი ამ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ეტაპი. იმედი მაქვს, რომ სწრაფად დავასრულებთ მუშაობას სამოქმედო გეგმებზე აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და სომხეთთან, რათა ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს მომავალში. 2006 წელმა ახალი მუხტი უნდა შეიტანოს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში“, – განაცხადა ევროკავშირის კომისარმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2006 წელი იქნება პროგრესის წელი რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.