
კოკოითი ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ოსური მხარე ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც ცხინვალის რეგიონში არ ცხოვრობს, სავიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ არასამართლიანი ნაბიჯები გადაიდგმება . “თუ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ გადადგმული იქნება ისეთი არასამართლიანი ნაბიჯები, როგორიცაა რაღაც ვიზების შემოღება, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე , ჩვენ ასევე შემოვიღებთ სავიზო რეჟიმს, მათ შორის ქართველი სამშვიდობოებისთვისაც, რადგან ჩვენ ვართ სუვერენული, საქართველოსგან დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა 15 თებერვალს ცხინვალში რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე. კოკოითი რუსი სამშვიდობოების მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრობს. “თუ ჩვენ ვსაუბრობთ მათ ეფექტურ ქმედებაზე, მაშინ უნდა გავითავისოთ, რას აკეთებენ მხარეები იმისთვის, რომ შევუქმნათ მათ ნორმალური პირობები, რათა იმოქმედონ ეფექტურად“. “რომელი სამშვიდობოებიც არ უნდა მოვიდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, მე გამოვრიცხავ საერთოდ ამ [ჩანაცვლების] ვარიანტს, რადგან მე ვთვლი, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სხვა არავინ არ იქნება გარდა რუსი სამშვიდობოებისა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ქართული მხარის წინადადებას [რუსი სამაშვიდობოების ჩანაცვლების შესაძლებლობაზე] გამოეხმაურნენ, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ მოქმედებებზე. მე მხედველობაში მაქვს, უკრაინა და ბალტიისპირეთი, რადგან ამ სახელმწიფოებს მორალური უფლება არ გააჩნიათ წარმოადგინონ აქ [სამხრეთ ოსეთში] სამშვიდობო კონტიგენტი“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.