ახალი ამბები

პარლამენტი სამშვიდობოებზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

15 თებერვალს დღის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს დადგენილების პროექტს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესის დაწყებას შეეხება.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, “საკმაოდ მოკლე“ დადგენილების ტექსტი უკვე მზად არის და იგი ძირითადად სამშვიდობოებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გასული წლის 11 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებას ეფუძნება.


პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების  მე-2 პუნქტით [ეხება სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე ინფორმაციას] განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას”.


13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა სამშვიდობოებთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიში მოისმინეს, რუსი ცისფერჩაფხუტიანების საქმიანობა “კვეთრად ნეგატიურად“ შეფასდა.

Back to top button