
სააკაშვილი: საქართველოს აქვს შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო მიმდინარე წელს ნატოს წევრობის კანდიდატი გახდება და ალიანსს 2008 წელს შეუერთდება. მან ეს განცხადება პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებისას გააკეთა.
“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ნატოსთან [წევრობასთან]… მინდა განვაცხადო დღეს, რომ საქართველოს აქვს სრული შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს. წელს ჩვენ გავხდებით ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ეს [ნატოს წევრობა] ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები იქნება ნატოს საზღვრები და ამ საზღვრებს დაიცავს არა მხოლოდ ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები, არამედ ათასობით დასავლური თვითმფრინავი“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ყავს “რეგიონში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე კარგად აღჭურვილი ჯარი…დისციპლინირებული, შეკრული მოტივირებული ჯარი, რომელიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
“ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, თუმცა ამ რეგიონში, სადაც უამრავი საფრთხეა, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი არმია“, – დასძინა მან.