
პარლამენტში სამშვიდობოებზე დადგენილების პროექტზე მუშაობა გრძელდება
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე დადგენილების ფორმის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: ან დადასტურდება 11 ოქტომბერს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მე–4 პუნქტის ამოქმედება ან მიღებული იქნება ახალი დადგენილება.
“არის ორი მოსაზრება: ერთი მოსაზრება, რომ ჩვენ დავადასტუროთ ის დადგენილება, რომელიც არის, იმიტომ რომ ის დადგენილება საკმაოდ მკვეთრია და წონადია ან თუ საჭიროება იქნება, შეიძლება დამატებითი დადგენილებაც მივიღოთ“, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.
დადგენილების ტექსზე მუშაობა 13 თებერვალს საღამოს პრემიერ–მინისტრთან და მინისტრებთან კონსულტაციებით პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტებმა მთავრობის მოხსენების საფუძველზე სამშვიდობოებთან დაკავშირებული მდგომარეობა “მკვეთრად ნეგატიურად“ შეაფასეს.
პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების მე-2 პუნქტით [ეხება სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე ინფორმაციას] განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას”.