ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტში საანგარიშო სიტყვით წარსდგება

14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის წლიურ მოხსენებაში გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.


სავარაუდოდ, პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კონფლიქტების დარეგულირების და სხვა საკითხებზე.


მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც შესამაბისი დადგენილების მიღებას პარლამენტი 15 თებერვალს გეგმავს.


პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას წინ უსწრებდა 13 თებერვალს გვიან საღამოს მისი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, მისივე თანდასწრებით სიტყვით გამოსვლა, რათა საშუალება მიეცეთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პირადად მოახსენონ პრეზიდენტს.


“დებატების რეჟიმს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, თუმცა მე გადავცემ პრეზიდენტს თქვენს თხოვნას… მაგრამ პრეზიდენტი რომც არ დაესწროს თქვენს გამოსვლებს, გარწმუნებთ, რომ გამოსვლის შინაარსს გაეცნობა“, – განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის საპასუხოდ.

Back to top button