
ბეჟუაშვილი: სამშვიდობოებმა დემილიტარიზაციის შესახებ თბილისის გეგმა უნდა განახორციელონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 13 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვენაში 20-21 თებერვალს დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის დეტალურ გეგმას წარადგენს.
მისი თქმით, თუ შსკ მოიწონებს ამ გეგმას, რომელიც დემილიტარიზაციის კონკრეტულ ეტაპებს და ვადებს შეიცავს, კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების არსებობა მნიშვნელოვანი იქნება ამ გეგმის განსახორციელებლად.
ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც უამრავი რისკი არსებობს. მაგრამ, მე შევეცადე დამერწმუნებინა ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს რისკები კონტროლს ექვემდებარება [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან]“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს დადგენილებას რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ეტაპები და დრო დასჭირდება.