ახალი ამბები

ოქრუაშვილი: იარაღი სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზიდან შევიდა

13 თებერვალს საპარლამენტო კომიტეტების მოსმენაზე გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცოტა ხნის წინ შეიძინეს ხელით გადასატანი საზენიტო კომპლექსი “სტრელა“ ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან.


მან ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბის ერთ-ერთი რუსი ოფიცერი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა.


“რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის [რუსული] სამხედრო ბაზიდან ცხინვალში შეტანილ იქნა ე.წ. სტრელას ტიპის რაკეტები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღი. აღნიშნული რეკატები გაყიდული იქნა 10,000 დოლარად თითო სემიონ კონსტანტინეს ძე ლევკოვიჩის მიერ. ეს არის ის პიროვნება, რომელიც დღესაც მუშაობს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფებაში ოპერატიული სამობილიზაციო განყოფილების უფროსად და ეს პიროვნება უშუალოდ არის ჩართული ასეთი სახის იარაღით ვაჭრობაში. იმის გამო, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ბრალის წასაყენებელი უშუალო ფაქტები არ გაგვაჩნდა, ეს პიროვნება დღეს ისევ თავისუფალია. მაგრამ ამ იარაღს აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი… და ის ნომრები, რომლებიც წაშლილია, თანამედროვე აპარატურის საშუალებით თავისუფლად შეიძლება იქნას წაკითხული და მარტივად იქნება დადასტურებული, რომ ეს შეიარაღება ეკუთვნის ახალქალაქის სამხედრო ბაზას. ახალქალაქის სამხედრო ბაზის ტექნიკის დაახლოებით 20% ოფიცილუარად ასევე მიწერილია რუს სამშვიდობოებზე [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში]“, – განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა ქართულ მხარეს დამადასტურებელი ფაქტები რუსი ოფიცრის წინააღმდეგ. 


თავდაცვის მინისტრი ამჟამად პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე რუსი სამშვიდობოების საქმიანობის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ აკეთებს მოხსენებას.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უკვე გააკეთეს მოხსენება ამ საკითხებზე.

Back to top button