
ნოღაიდელი: სამშვიდობოების გაყვანა თვითმიზანი არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა “არასოდეს ყოფილა თვითმიზანი“.
“პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს. ასე რომ, დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს. ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ეუთოს მიერ მხარდაჭერილ გეგმაზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის წარმატებული განხორციელება, ხოლო კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
ამავდროულად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. ამჟამად, დეპუტატებს კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციისა და რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ მოხსენებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მიმართავს. დღეს დილით მოხსენებით ასევე გამოვიდა პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა.