
კოტე გაბაშვილი: სამშვიდობოებზე აშშ–ს მოწოდება მეგობრის დიპლომატიური რჩევაა
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, დღეს ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს პარლამენტისადმი ეუთოში აშშ–ს ელჩის ჯული ფინლის მოწოდება სიფრთხილით მოეკიდოს სამშვიდობოებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, “მეგობრის ჩვეულებრივი დიპლომატიური ენაა, რომლისთვისაც გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს“.
“ბუნებრივია, რომ სამშვიდობოებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ… [ამერიკელები] მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ ფრთხილად და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და არ წამოვეგოთ ისეთ პროვოკაციებზე, რომლის განვითარების შესაძლო სცენარები არსებობს“, – განუცხადა დღეს კოტე გაბაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი “უკან დახევას არ აპირებს“ და მოითხოვს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან “სამხედრო კომპონენტის მოცილებას“.
“სამშვიდობოების გაყვანა 4 თვის წინ იმიტომაც არ მოვითხოვეთ, რომ სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს და გვსურს დეტალურად ავუხსნათ მსოფლიოს, თუ რატომ არ არის მათი ყოფნა კონფლიქტის ზონაში პროდუქტიული – ეს ხელს უშლის იმ სამშვიდობო გეგმის განვითარებას, რომლის მიმართაც ეუთომ და აშშ–მ სრული მხარდაჭერა გამოხატეს, მათ შორის დღევანდელ სხდომაზეც“, – აცხადებს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები 13 თებერვალს, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო, იმსჯელებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მიერ მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო 15 თებერვალს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.