
სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სტუმრობს
საერთაშორიოს სავალუტო ფონდის (სსფ) მისია საქართველოს 8–15 თებერვლის განმავლობაში სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.
დელეგაციამ, სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯონ ვეიკმან–ლინის ხელმძღვანელობით, უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან რომან გოცირიძესთან, სადაც სსფ–ს წარმომადგენელთა მხრიდან დადებითად შეფასდა ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება და “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 2004–2005 წლებში დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ტრანში უკვე მიიღო. 141 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ეს პროგრამა სამწლიანია.
მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობასთან შეხვედრებს დაასრულებს, მომზადდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სსფ–ს დირექტორთა საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო სავალუტო რეზერვებს მორიგი ტრანშით შეავსებს.