
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი ოფიცრები დააკავეს
საქართველოს სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ქურთაში რუსი სამხედრო ოფიცრები დააკავა.
“მათ არ გააჩნდათ ქართული ვიზები. კანონის თანახმად, მათ წინააღმდეგ შესაძლოა საქმე აღიძრას, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი იყო გაერკვიათ ერთი კვირის წინ რუსი სამშვიდობოების კუთვნილი მანქანის ჩამორთმევის საკითხი, ისინი გათავისუფლებულნი იქნებიან“, – იტყობინება “იტარ-ტასი“ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.
ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი სამშვიდობოების მანქანა 31 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მოსახლის ავტომანქანას შეეჯახა.
ხაინდარავამ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე შეთანხმდა რუსეთის საელჩოსთან თბილისში, რომ დაკავებული რუსი ოფიცრები ქართულ ვიზებს 9 თებერვალს მიიღებენ.
მისი თქმით, ამჟამად რუსი ოფიცრები ქურთას პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამივე ოფიცერი კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების წევრები არიან და დაადასტურა, რომ ისინი ჩავიდნენ, რათა “ჩამორთმეული მანქანის საკითხი მოეგვარებინათ“.