ახალი ამბები

ბურჯანაძე კიევში დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 9 თებერვალს კიევში გაემგზავრა, სადაც მის გამოსვლაში ყურადღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გამახვილდება.


“იქ იქნება რუსეთის მხარის წარმომადგენელი. ჩვენი პოზიცია ძალიან ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ… ჩვენი მოქმედებები: ნატოში შესვლა, ევროკავშირისაკენ სწრაფვა, [რუსული] ბაზების გაყვანა და არც სამშვიდობოებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეს არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული“, – განუცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედს“.


პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, უკრაინის ვერხოვნა რადის თავმჯდომარეს ვლადიმერ ლიტვინს, უკრაინის პრემიერ მინისტრს იური ეხანუროვს და რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს შეხვდება.


კიევში გამართულ შეხვედრებს დეპუტატები გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ირინა ქურდაძე დაესწრებიან.


საპარლამენტო დელეგაცია  თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება

Back to top button