ახალი ამბები

ბაღაფში: რუსი სამშვიდობოები დაკისრებულ ფუნქციებს თავს ართმევენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოები დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ, “უზრუნველყოფენ რეგიონში სტაბილურობას“, იუწყება 7 თებერვალს “აფსნიპრესი“.


“და რაც მთავარია: მათ შეძლეს, როგორც მანდატით არის გათვალისწინებული, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის პირობების შექმნა“, –  განაცხადა ბაღაფშმა.


მისი თქმით, სამშვიდობო კონტიგენტის შეცვლით სარგებელი არ იქნება. “ჩვენ არ განვიხილავთ კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების რაიმე სხვა, მათ შორის ე.წ ინტერნაციონალური ძალებით ჩანაცვლების შესაძლებლობას“, – განაცხადა ბაღაფშმა და აქვე დასძინა, რომ კონტიგენტის შეცვლა თანაბრად არის ასევე დამოკიდებული სოხუმის პოზიციაზე, “რომელიც ამის წინააღმდეგია“.


იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონას დატოვებენ, სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ მათ ადგილს მაშინვე დაიკავებენ თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, “რომლებიც კონტროლზე აიყვანენ საქართველოსთან [ადმინისტრაციულ] საზღვარს“.


აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ქართული მხარის მიერ სამშვიდობოების უმოქმედობაში დადანაშაულებას აფასებს, როგორც “პოლიტიკურ პროპაგანდას, მცდელობას შეიქმნას შესაბამისი ფონი მათი კონფლიქტის ზონიდან გაყვანისათვის“.

Back to top button