ახალი ამბები

ნოღაიდელი: სამშვიდობოებზე საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მივიღებთ

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში მყოფ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით “საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“ გადაწყვეტილებას მიიღებს.


“ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გასვლა. საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა ვითარება იქნება იმ მომენტში [ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში]“, – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.


ზურაბ ნოღაიდელმა თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას აქტიური მონაწილეობა მიიღონ  პარლამენტში სამშვიდობოების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოსმენებში.


დღესვე სამშვიდობოების გაყვანის შესახებ მცირე კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამაც გააკეთა. მისი თქმით, “ქართული მხარის ერთადერთი პოზიციაა, რომ სამშვიდობოებმა უნდა შეასრულონ მანდატი“.


“თუ სამშვიდობოები მანდატს არ ასრულებენ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გაყვანის შესახებ. ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ 8 თებერვალს ჟურნალისტებს. 

Back to top button