ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ 6 თებერვალს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ნატო-ს შტაბ-ბინაში ქართული მხარე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი-სახელმწიფოების ელჩებსა და ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრები შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში ჯონ კოლსტონთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მარტინ ერდმანთან. ირაკლი ოქრუაშვილი ასევე შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსს.


თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ცნობით, შეხვედრების დროს განიხილებოდა ნატო-სთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში საქართველოს ჩართვის საკითხები. ნატო-ს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ მიღწეული პროგრესი. შეხვედრებისას დაფიქსირდა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში სრული ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.


შეხვედრებზე ასვე განხილულ იქნა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები.


ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა თავის ბელგიელ კოლეგას ანდრე ფლაოს.

Back to top button