ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მომავალ მიმართულებებზე საუბრობს

ორგანიზაცია “სალომე ზურაბიშვილის მოძრაობის“ ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 7 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მისი პარტია გეგმავს, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. 


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიის შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით არის განპირობებული და მისი ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება.


“გადაწყვეტილება მივიღე და ალბათ სწორი გზა იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება… რატომ ? იმიტომ, რომ დღეს მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებელია, რომ დამყარდეს ადგილობრივი დემოკრატია… აუცილებელია მივიღოთ მონაწილეობა [ადგილობრივ არჩევნებში] და როცა ამას ვამბობ ეს არ ეხება მარტო ჩემს თავს, არამედ ყველას… ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი მომავალი ხელში და ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


მისი თქმით, მთავარია პოლიტიკური გათავისუფლება, მყარი დემოკრატიზაცია, ქვეყნის სოციალური გაჯანსაღება, ეკონომიკური გაცოცხლება და კონფლიქტების მოგვარება.


“ეს მოგვცემს საშუალებას მყარად დადგეს საქართველო ფეხზე და თავისი მკვიდრი ადგილი მოიპოვოს“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს “თანამშრომლობის გზა – მეზობელ რუსეთთან, მეგობარ ამერიკასთან და ევროპასთან“.


“ეს სამკუთხედი უნდა აღდგეს და ამ სამკუთხედის ცენტრში უნდა მოექცეს საქართველო და იყოს საკუთარი თავის მმართველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 


 


 

მსგავსი/Related

Back to top button