
კოკოითი მზად არის სააკაშვილს შეხვდეს
სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 7 თებერვალს “ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს.
“მე მზად ვარ შევხვდე სააკაშვილს ნებისმიერ ადგილას, გარდა თბილისისა“, – განაცხადა კოკოითმა, თან იქვე დასძინა, რომ მზად არის სააკაშვილთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაც განიხილოს.
სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს პარლამენტის შესაძლო გადაწყვეტილებაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გამოყვანის თაობაზე.
“რუსი სამშვიდობოების გაყვანა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული. მათ [ქართულ მხარეს] შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ არსებობენ კონფლიქტის სხვა მხარეებიც, რომლებიც ამ გაყვანის წინააღმდეგი არიან“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.