ახალი ამბები

ბურჯანაძე: კონფლიქტების დარეგულირებაში არსებულ სტატუს–კვოს ვერ შევეგუებით

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული მხარის მთავარი მიზანია კონფლიქტების დარეგულირება მშვიდობიანი გზით, “მაგრამ ამ სტატუს კვოს, რომელიც სამშვიდობოებთან და პოლიტიკურ დარეგულირებასთან დაკავშირებით არის, რომელიც არანაირ პროგრესს ჩვენ არ გვაძლევს, ნამდვილად ვერ შევეგუებით“.


“არასოდეს ქართული მხარე არ არის და არც ყოფილა კონფლიქტის გამწვავების, განახლების ან არამშვიდობიანი დარეგულირების მომხრე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კონფლიქტების სამშვიდობო დარეგულირება მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ დღეს პარლამენტში დაგეგმილი მოსმენის წინ, სადაც მთავრობა ბიუროს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის თაობაზე მოხსენებას წარადგენს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ეს განცხადება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გააკეთა, სადაც იგი თბილისში მიმდინარე  ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, ე.წ “3+3” საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – “სტრატეგია რეფორმებისა და თანამშრომლობისათვის” მონაწილეობს.

Back to top button