
მთავრობის წევრებმა დეპუტატებთან სამშვიდობოებზე შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა 6 თებერვალს საღამოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და წამყვან პარლამენტარებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა წინ უძღოდა 7 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენას, რომელიც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნით დასრულდება.
“ეს იყო წინასწარი კონსულტაციები, რათა მოსმენის დეტალები შეგვეთანხმებინა. დანარჩენი ხვალ გახდება ცნობილი“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების გაყვანა არასოდეს ყოფილა ქართული მხარის თვითმიზანი. “გვინდოდა, რომ რუს სამშვიდობოებს შეესრულებინათ თავიანთი მანდატი“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი მოხსენების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.