ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობასთან სამშვიდობოების თაობაზე კონსულტაციებს მართავს

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს საღამოს, ოფიციალური საპარლამენტო მოსმენის წინ, რომელიც ბიუროს გაფართოვებულ ფორმატში 7 თებერვალს იგეგმება, დეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა და მოახსენებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის თაობაზე.


“ხვალ ბიუროს სხდომაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა  მოვისმინოთ, თუ რა გააკეთა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების შესასრულებლად“, – განაცხადა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ.


მან დღეს თავი შეიკავა სამშვიდობოებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის  დაფიქსირებისაგან, თუმცა აღნიშნა, რომ “ჯერ ვერ დავინახეთ სამშვიდობოების ქმედებებში ვერანაირი პროგრესი. არ ყოფილა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში პოზიტიურად შეგვეფასებინა სიტუაცია“.


პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად, თუ მთავრობის მოხსენებაში სამშვიდობოების მიერ მოვალეობების შესრულების მხრივ პროგრესი არ დაფიქსირდება, პარლამენტი მათი ცხინვალის რეგიონიდან გაყვანას 15 თებერვლიდან მოითხოვს.

Back to top button