ახალი ამბები

ხაინდრავა: სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში მანდატს არ ასრულებენ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით,  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსმა სამშვიდობოებმა პარლამენტის დადგენილებით სიტუაციის გამოსასწორებლად 10 თებერვლამდე მიცემული ვადა ვერ გამოიყენეს.


“ცხინვალში სამშვიდობოებს პრაქტიკულად დრო აღარ დარჩათ [სიტუაციის გამოსასწორებლად] და ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა… მათი იქ ყოფნის საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სხვა საქმეა, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს და ძალიან გონივრულად მოვიქცეთ. მაგრამ დამოკიდებულება არის ცალსახა, რუსეთის სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში მანდატს არ ასრულებენ, ამას ლაპარაკი არ სჭირდება“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ 5 თებერვალს ჟურანლისტებს.


ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა აეროპორტში ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც 2–3 თებერვალს გაეროს ეგიდით გამართულ ქართულ–აფხაზურ შეხვედრაში ის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.


“რაც შეეხება, აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციას, პარლამენტის დადგენილებით, იქ ზაფხულამდე დრო არის და [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობართა ჯგუფის (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) რეკომენდაციებში არის აღნიშნული, რომ ითხოვენ რუსი სამშვიდობოებისგან მანდატის შესრულებას“, – განაცხადა ხაინდრავამ.


საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლისთვის უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე, ხოლო აფხაზეთზე  – 1 ივლისამდე. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამხრეთ ოსეთის, ხოლო 15 ივლისიდან აფხაზეთის კონფლიქტის ზონებიდან მოითხოვენ სამშვიდობოთა გაყვანის პროცესის დაწყებას.


7 თებერვალს პარლამენტის ბიუროს გაფართოვებულ სხდომაზე იგეგმება პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოხსენება ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის თაობაზე. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე ერთ–ერთი თანამომხსენებელი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა იქნება.

Back to top button