
ოქრუაშვილი სეპარატისტ ლიდერებზე მკაცრად საუბრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები სულ მცირე გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებენ მოსკოვში თავიანთ უფროსებთან შეთანხმების გარეშე.
“ვისთან გავმართოთ დიალოგი? [აფხაზეთის ლიდერთან სერგეი] ბაღაფშთან, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ აქვს, თუ [სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ] კოკოითთან, რომელსაც ერთხელ მე შარლატანი ვუწოდე? ამჟამად სამხრეთ ოსეთს სამი რუსი გენერალი მართავს… ისინი იღებენ იქ გადაწყვეტილებებს“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნჰენში.
ოქრუაშვილმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც 5 თებერვალს მიუნჰენში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელმძღვანელობებთან უნდა გამართოს მოლაპარაკებები, თუ თბილისს ამ კონფლიქტების მოგვარება სურს.
“ამას თქვენს [ქართული მხარის] მაგივრად რუსეთი ვერ გააკეთებს“, – დასძინა ივანოვმა.