
სააკაშვილი მიუნხენში გერმანიის კანცლერს და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა მიუნხენში, სადაც იგი 42-ე საერთაშორისო კონფერენციას ”მშვიდობა დიალოგის მეშვეობით” ესწრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს როლზე საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაში. იგი ასევე მოსაგვარებელ კონფლიქტებსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობის საკითხებს შეეხო.
”მიმაჩნია, რომ 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი კონრად ადენაუერი იყო. მისი სიტყვები, რომლებიც მან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის შესახებ წარმოთქვა, ასე ჟღერს: ჩვენ პატარა და გაპარტახებული ქვეყანა ვართ; მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით; ჩვენ არ უნდა ვიყოთ უკაცრიელი კუნძული დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც გვყავს მეგობრები; თუმცა გვყავს საშიში მეზობელი აღმოსავლეთში. მართალია, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ეს სიტყვები ჩვენს ქვეყნას არ შეესაბამება, მაგრამ ეს გზავნილი საქართველოსთვის ნამდვილად შესაფერისია. საქართველო, უკრაინის მსგავსად, იგივე სურვილებითა და მიზნებით, ევროპის შემადგენელი ნაწილია, – განაცხადა 3 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი გერმანიაში 5 თებერვალს დასრულდება.