ახალი ამბები

ივანოვი: საქართველოს მიერ დსთ–ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს დატოვება მოულოდნელობა არ ყოფილა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელობა არ იყო საქართველოს მიერ დსთ–ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოდან გამოსვლის გადაწყვეტილება.


საქართველოს პრეზიდენტის 25 იანვრის ბრძანებულებით საქართველომ შეწყვიტა იმ შეთანხმებების მოქმედება, რომლიც საფუძველზეც იგი დსთ–ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს წევრი იყო.


“ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგანაც როგორც მინიმუმ ბოლო 4–5 წლის მანძილზე საქართველო ფაქტიურად არ იღებდა არავითარ მონაწილეობას დსთ–ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს მუშაობაში და საერთოდ, სამხედრო ღონისძიებებში, რომელიც დსთ–ს ფარგლებში იმართებოდა“, – განაცხადა გერმანიაში ვიზიტად მყოფმა სერგეი ივანოვმა და ასევე აღნიშნა, რომ “ამ გადაწყვეტილებით არსებითად არაფერი არ შეიცვლება და დსთ–ს უსაფრთხოება არ დაზარალდება“.


ეს განცხადება ივანოვმა გერმანიაში გააკეთა, სადაც საქართველოს და სხვა ქვეყნის დელეგაციებთან ერთად მიუნხენის 42–ე კონფერენციას ესწრება.


საქართველოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთეს ასევე თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა. 4 თებერვალს “ინტერფაქსი“ მათ სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს დსთ–სგან განცალკევების ნაბიჯები გაართულებს კონფლიქტების დარეგულირებას.

Back to top button