
Amnesty International: ხელისუფლება მზადაა წამების ფაქტები აღმოფხვრას
Amnesty International-მა 2 თებერვალს განაცხადა, რომ იგი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას დაძლიოს ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ხნის პრობლემა – წამება და ცუდი მოპყრობა.
30 იანვარს-1 თებერვალს Amnesty International-ის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ. მათ შეხვედრები გამართეს გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ელენე თევდორაძესთან და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან, ასევე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
“მიუხედავად ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ დანაპირები რეფორმების განხორციელების თაობაზე“, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაქვორტმა.
“უნდა არსებობდეს ნათელი პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ექნება ამომწურავი, დეტალური სამოქმედო გეგმა წამების წინააღმდეგ“, – დასძინა მან.
თუმცა მაშინ, როცა ოფიციალური პირები განაგრძობდნენ წამების წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რომელიც 2005 წლის ბოლოს ამოიწურა, “ვერავინ შეძლო კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა 2006 წლის გეგმის შემუშავების კოორდინაციაზე“, – აცხადებს Amnesty International.
Amnesty International-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიაპყრეს იმ პრობლემებს და რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია მის ბოლოდროინდელ მოხსენებაში – “საქართველო წამება და ცუდი მოპყრობა – კვლავ პრობლემად რჩება ვარდების რევოლუციის შემდეგ”.