ახალი ამბები

პრეზიდენტმა ქართველ ელჩებს “თავდადებისაკენ“ მოუწოდა

1 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გერმანიაში, სადაც იგი 5–დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეხვედრა გამართა ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ყურადღება გაამახვილა 2006 წელს ქვეყნის იმ პრიორიტეტებზე, რომლებზეც საელჩოებმა უნდა იმუშავონ. 


“ჩვენი ქვეყანა არის ახლა პოლიტიკური მოქმედების წინა ხაზზე და ჩვენ ყველანი ვართ მისი ჯარისკაცები…თქვენ გაქვთ ისტორიული მისია, რომ საქართველო გაიყვანოთ სამშვიდობოზე და ვაქციოთ ნამდვილად დაცულ, წარმატებულ, სწრაფი განვითარების გზაზე მყოფ ევროპულ ქვეყანად, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ შეეხება ცუდად“, – განუცხადა პრეზიდენტმა ელჩებს.


მისი თქმით, საქართველოს უპირისპირდება “ძალიან დიდი ფულის და გამოცდილების მქონე, ეშმაკურად მოწყობილი ქსელი, რომელსაც ნამდვილად არ აწყობს ჩვენი ქვეყნის წარმატება და გამთლიანება“.


“მაგრამ ჩვენ მათ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი ენთუზიაზმი, ჩვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და სამშობლოს სიყვარული…მე მჭირდება დიპლომატები, რომლებიც არ დაიძინებენ მთელი წელი და სახლში არ წავლენ მთელი წელი, სანამ არ გავალთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის შეფასებით, დიპლომატიური კორპუსი “მობილიზებულია“.

“ძირითადი მიმართულება იქნება ინტენსიური მუშაობა ევროპაში, ამიტომ [ელჩების] ამ გუნდზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ბეჟუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button