ახალი ამბები

ლავროვი კოკოითს შეხვდა

2 თებერვალს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს მოსკოვში შეხვდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შესრულების საკითხს დაეთმო.


“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ერთიანი იყვნენ იმ აზრში, რომ დღეისათვის ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალები თბილისსა და ცხინვალს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობის ერთადერთ გარანტს წარმოადგენენ. ალტერნატივა მათ არ აქვთ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.


ასევე აღინიშნა ქართული მხარის მიერ რუსი სამშვიდობოების მისამართით გამოთქმული ბრალდებების “უსაფუძვლობა“ და მათ წინააღმდეგ პროვოკაციული მოქმედებების დაუშვებლობა.


რუსულმა მხარემ ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მისი მოქალაქეების ინტერესები იქნება დაცული.


ლავროვმა და კოკოითმა ასევე განიხილეს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთობლივ ქართულ–ოსური პროგრამაზე მუშაობის გააქტიურების საკითხებიც.


1 თებერვალს კოკოითი შეხვდა სერგეი ლავროვის მოადგილეს გრიგოლ კარასინს. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ შესაბამის შეტყობინებაში ედუარდ კოკოითი ასევე მოხსენიებული იყო, როგორც “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“.


ამის გამო საგანგებო კომენტარი გაავრცელა 1 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც გააპროტესტა ის ფაქტი, რომ რუსი კოლეგები აგრძელებენ სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“ მოხსენიებას და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი არაკორექტულობისაგან, “რასაც ქართული მხარე აფასებს, როგორც სეპარატიზმის აშკარა მხარდაჭერას“.

მსგავსი/Related

Back to top button