ახალი ამბები

ბურჯანაძე: მივმართავთ მთავრობას სამშვიდობოებზე ადექვატური ზომების მიღებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღემდე რუსმა სამშვიდობოებმა “სამწუხაროდ” ვერ გამოიყენეს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული ოთხთვიანი ვადა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამოსასწორებლად.


“გუშინდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად ვართ პროვოკაციის და აფეთქების საშიშროების წინაშე. სწორედ ეს იყო თავის დროზე მიზეზი იმ დადგენილებისა, რომელიც პარლამენტმა მიიღო სამშვიდობოებთან დაკავშირებით“, –განუცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს.


დეპუტატები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ მთავრობის შეფასებებს 7 თებერვალს მოისმენენ. თუკი სამშვიდობოების საქმიანობაში პროგრესი არ აღინიშნა, მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მთავრობას 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცედურების დაწყებას დაავალებს.


“ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე და რა თქმა უნდა გვინდა, რომ რაიმე პოზიტიური ნაბიჯები გადმოიდგას რუსეთის მხრიდან, მაგრამ თუ ასეთი პოზიტიური ნაბიჯები გადადგმული არ იქნება, საქართველო ვერ იქნება მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, ვერ გაახანგრძლივებს გაყინული კონფლიქტის ამ ვითარებაში ყოფნის პროცესს მუდმივად, ამიტომ ბუნებრივია პარლამენტი მიმართავს მთავრობას ადექვატური ზომების მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ეს განცხადებები ნინო ბურჯანაძემ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ანატოლი კინახთან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ, რომელმაც 31 იანვარს რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას “სერიოზული პროვოკაცია“ უწოდა.


ეს ინციდენტი “იქნება შესწავლილი და იქნება საფუძველი ქართული პოზიციის გამოსახატავად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს“, – განაცხადა კემულარიამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button