ახალი ამბები

საგარეო უწყება ტყვიავის ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

1 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში 31 იანვარს რუს სამშვიდობოებისა და ქართველ სამართალდამცავეთა  დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელმაც “კიდევ ერთხელ ცხადყო რუსეთის სამშვიდობო ძალების დამოკიდებულება სამშვიდობო ოპერაციით მათზე დაკისრებული მისიისა და იმ ქვეყნის მიმართ, სადაც იგი მიმდინარეობს“.


საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტის დეტალებზე საუბრობს: “აღნიშნულ ინციდენტს საფუძვლად დაედო გუშინ საღამოს 6 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის კუთვნილი სატვრთო ავტომანქანა “ურალი“, რომელსაც საგზაო ფურცელში მითითებული ჰქონდა მარშრუტი ვლადიკავკაზი-პროხლადნი, სოფელ ტყვიავთან დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას “ვაზ 21-06“. ქართველ სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას, ორივე ავტომანქანა გადაყვანილიყო გორში და მძღოლებს გაევლო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, “სამშვიდობოებმა“ შეურაცხყოფითა და წინააღმდეგობის გაწევის მცდელობით უპასუხეს. თუმცა, ქართველი სამართალდამცავებისაგან მათ მიღებული ჰქონდათ გარანტია, მოკვლევის დასრულებისთანავე სატვირთო ავტომანქანის დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე“.


საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ “ქართველ სამართალდამცავთა პროფესიონალურმა მოქმედებამ გახადა შესაძლებელი ორდინალური ავტოსაგზაო შემთხვევის სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებში გადაზრდის თავიდან აცილება“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ მომხდარ ფაქტზე მოკვლევის დასრულებისა და ყველა მასალის გადაგზავნის შემდეგ, რუსეთის მხარე გააკეთებს სათანადო დასკვნებს და მიიღებს ადექვატურ ზომებს მომავალში მსგავსი ინციდენტების არდაშვების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button