
კოტე კემულარია: რუსი სამშვიდობოები საფრთხეს წარმოადგენენ
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები “გარკვეულ საფრთხეს“ უქმნიან საქართველოს.
კემულარიამ კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა. რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სამშვიდობოებს მანქანა ჩამოართვეს.
“ჩვენ რუსული სამშვიდობო ძალების არსებობას საქართველოში ვთვლით, როგორც გარკვეულ საფრთხეს. გუშინდელი და საერთოდ [მომხდარი] ინციდენტები მიუთითებენ, რომ ჩვენ მართლები ვართ ამაში. ეს გახდება სწორედ იმ მსჯელობის საგანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში ექნება გამოკვეთილი პოზიციის სახე, როდესაც მთავრობა პარლამენტში წარსდგება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა კემულარიამ ჟურნალისტებს 1 თებერვალს.
საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ 7 თებერვალს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მთავრობას დაავალებს 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები დაიწყოს.
მოსკოვმა უკვე გააკეთა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანას შესაძლოა სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ესკალაცია მოყვეს.