
ცხინვალი ვანო მერაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა 15 იანვარს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენლები მხოლოდ მას შემდეგ ეწვევიან თბილისი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოდიშს მოიხდის ცხინვალის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ცხინვალმა უსაფრთხოების მოტივით უარი განაცხადა ქართული მხარის წინადადებაზე ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზე. სამხრეთ ოსეთის მხარეს სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარება სურს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათი შეშფოთება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის გასული წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში დაემუქრა დე ფაქტო ხელისუფლებას.
“მერაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს, მანამდე სამხრეთ ოსეთის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩავა თბილისში“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 იანვარს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსური მხარის უარი თბილისში ჩამოსვლაზე არის სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების მცდელობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)