ახალი ამბები

ხაინდრავა და კენიაკინი კოკოითის წინადადებებზე საუბრობენ

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან ვალერი კენიაკინთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერნციაზე დადებითად შეაფასა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შესახებ.


“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ედუარდ კოკოითის  განცხადების მოსმენა ერთობლივი გეგმის განხორციელების თაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო მისი [ედუარდ კოკოითის] მხრიდან… ცალსახაა, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან მუშაობა შეუძლებელია… პირველად გაცხადდა ერთობლივი მუშაობის შესახებ… ჩვენ მზად ვართ ყველა მწვავე საკითხის გადაწყვეტისთვის.  სიტყვებიდან გადავდივართ იმ კონკრეტული შეთანხმებების რეალიზებაზე, რაც ჩვენს შორის არსებობს“, – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ და დასძინა, რომ ამ საქმეში “ლომის წილი“ რუსს დიპლომატს ვალერი კენიაკინს მიუძღვის.


გიორგი ხაინდრავას განცხადებით, შემდგომი ნაბიჯი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა შესაძლოა გახდეს.


“მე მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ქართული მხარე მზად არის მუშაობისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ საკითხის ერთი-ორი თვით გადადება არ ღირს. ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია [ერთობლივ სამშვიდობო გეგმაზე] მუშაობა დავიწყოთ ეხლავე“, – დასძინა გიორგი ხაინდრავამ.


ვალერი კენიაკინის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითის წინადადებებს მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სრული შემადგენლობა, “მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი“. 


ვალერი კენიაკინის განცხადებით, პრაქტიკული სამუშაოების დაწყება უკვე შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დარეგულირების გეგმაზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დამტკიცდება.


გიორგი ხაინდრავას და ვალერი კენიაკინის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭიროა დაიწყოს რეგიონის დემილიტარიზაცია და შეიარაღებული უკანონო ფორმირებების განიარაღების პროცესი, რაზეც ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვმას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button