skip to content
ახალი ამბები

რუსი სენატორები აფხაზეთში სამშვიდობოებს მოინახულებენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია 13 ოქტომბერს თვითგამოცხადებულ აფხაზეთს ეწვევა, სადაც რუსულ სამშვიდობო კონტიგენტში არსებულ მდგომარებას გაეცნობა. სავარაუდოდ, დელეგაცია ასევე შეხვდება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და პრემიერს ალექსანდრე ანქვაბს, იუწყება 13 ოქტომბერს “რია ნოვოსტი“. 


რუსი სენატორები აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობოების მოსანახულებლად მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.


თუმცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი აცხადებს, რომ აფხაზეთში მათი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებას არ უკავშირდება.


“სენატორების ვიზიტი გაზაფზულზე დაიგეგმა…ჩვენ რეგულარულად ვსწავლობთ იმ პრობლემებს, რომელსაც აწყდებიან ჩვენი რუსი სამშვიდობოები საზღვარგარეთ“,– განუცხადა “რია ნოვოსტის“ ოზეროვმა.  მან აქვე განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილებაში შედის გასცეს თანხმობა საზღვარგარეთ რუსი სამშვიდობოების გამოყენების თაობაზე.


ოზეროვის განცხადებით,  რუსი სამშვიდობოები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იმყოფებიან საქართველოში და იქიდან იმ შემთხვევაში გავლენ, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას დსთ–ს ქვეყნების ლიდერები მიიღებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button