ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატი სასტიკად სცემეს და გაძარცვეს

საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრი, დეპუტატი თამაზ ყაჭეიშვილი 23 აგვისტოს გვიან ღამით თბილისიდან მცხეთაში გაიტაცეს, სადაც იგი სასტიკად სცემეს და მიატოვეს. ყაჭეიშვილი კომპანია “ყაზბეგის“ კომერციულ დირექტორად მუშაობს.


“ყაჭეიშვილს თავის სახლის ეზოში დაესხნენ თავს. შემდეგ თავდასხმელებმა იგი მცხეთაში წაიყვანეს, სადაც ტყეში ხეზე მიაბეს. იგი სასტიკადაა ნაცემი. ამ დილით იგი მწყემსმა იპოვა და გაათავისუფლა. ამჟამად იგი საავადმყოფოში იმყოფება“, განუცხადა კომპანია “ყაზბეგის“ ხელმძღვანელმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 24 აგვისტოს.


“გამოძიება დაიწყო. ჯერ-ჯერობით მოტივებზე საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ თავდასხმელებმა [ყაჭეიშვილის] მანქანა წაიყვანეს“, დასძინა თოფაძემ.  


“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამორიცხა თავდასხმის პოლიტიკური მოტივები.


“არ მგონია, რომ პოლიტიკური მოტივით მომხდარიყო თავდასხმა. თუ ჩვენზე უნდოდათ შეტევის განხორციელება, მე მგონი, მე უკეთესი სამიზნე ვარ“, განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 24 აგვისტოს.  


ბოლო სამი თვის განმავლობაში დეპუტატებზე თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.


რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი ივლისში “რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დეპუტატ ვალერი გელაშვილს დაესხა თავს და სასტიკად სცემა იგი. გელაშვილმა თავდასხმის ორგანიზებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.


16 მაისს ასევე მოხდა თავდასხმა “კონსერვატორების“ წევრზე, დეპუტატ კახა კუკავაზე, რომელიც გაძარცვეს და სასტიკად სცემეს. მოგვიანებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button