ახალი ამბები

ხაინდრავა: სიტუაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საგანგაშოა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 16 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “გეგმაზომიერად ხდება დაძაბულობის ესკალაცია გარკვეული ძალების მიერ“. მას მხედველობაში რუსული მხარე ჰქონდა.


“სიტუაცია [კონფლიქტის ზონაში] ჩვენი მტრების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით ვითარდება“, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


კონფლიქტის ზონაში ვითარება 29 მაისიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოფელ თამარაშენთან მომხდარი შეტაკების შედეგად ოთხი ოსი და ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა. ამ ინციდენტს მოჰყვა 6 ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარება კონფლიქტის ზონიდან. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ამ უკანასკნელი ინციდენტის შემდეგ, გაუჩინარებულთა ნათესავებმა ძებნის ოპერაციების გაძლიერების მოთხოვნით კონფლიქტის ზონის ცენტრალური გზები გადაკეტეს.


“ჩვენ ველოდით მოვლენების ამგვარ განვითარებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტოტალური კონტროლი დაამყარა სამხრეთ ოსეთზე თავისი ოფიციალური პირების დანიშვნით“, განაცხადა ხაინდრავამ. იგი გულისხმობდა რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის დანიშვნას თვითგამოცხადებული რეგიონის პრემიერ-მინისტრად.


ხაინდრავას თქმით, 29 მაისის და 6 ივნისის ინციდენტები “კარგად დაგეგმილი“ პროვოკაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის ზრდას კონფლიქტის ზონის ადგილობრივ მოსახლეობაში.


“მე აბსოლუტურად მესმის იმ ოთხი ქართველის ნათესავებისა, რომლებიც ერთ თვეზე მეტია დაიკარგნენ. მათ [ნათესავებმა] არაფერი იციან გაუჩინარებულების ბედის შესახებ“, განაცხადა ხაინდრავამ, თან აქვე დასძინა, რომ იგი გამორიცხავს, რომ ეს ოთხი ადამიანი 29 მაისს მომხდარი ინციდენტის შურისძიების მიზნით გაიტაცეს.


ხაინდრავას თქმით, მოსკოვის მერიის მიერ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა, რომელიც სამხედრო აღჭურვილობასაც შეიცავდა, ასევე ამ პროვოკაციის ნაწილია.


“მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი პროტესტისა, რუსულმა მხარემ მაინც გამოაგზავნა სამხრეთ ოსეთში ტვირთი, რომელიც შეიცავს სამხედრო აღჭურვილობას – საველე სამზარეულოებს, ფორმებს და სხვა“, განაცხადა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button