ახალი ამბები

სოხუმი თბილისს რკინიგზაზე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმეს 2-3 ივლისს საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე ორი თურქული გემის დაკავების ფაქტი და თბილისი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის სტანისლავ ლაკობას განცხადებით, ინციდენტმა ცხადყო, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაში. მისი თქმით, “აფხაზური მხარე ადექვატურ ზომებს მიიღებს“ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სანაპირო დაცვა განაგრძობს უცხოური გემების დაკავებას საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე.


“ქართული მხარე მაშინვე აწყობს ამგვარ პროვოკაციებს, როგორც კი გაჩნდება ინტენსიური მოლაპარაკებების ნიშნები“, განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.


აფხაზური წყაროების ცნობით, საქართველოს სანაპირო დაცვამ 2 და 3 ივლისს დააკავა ორი თურქული გემი – ერთი, რომელიც სამშენებლო მასალით იყო დატვირთული, აფხაზეთიდან თურქეთში მიდიოდა, მეორე კი – ხორბლით დატვირთული აფხაზეთისკენ მიემართებოდა.


თუმცა, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი თურქული გემი იქნა დაკავებული, რომელსაც თურქეთის რვა მოქალაქე და სამშენებლო მასალა გადაჰქონდა აფხაზეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button