skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ივნისს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი იმ კორუფციის გამო, რაც სამინისტროს დაქვემდებარებულ საგადასახადო დეპარტამენტში არსებობს.


მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჩეჩელაშვილი თავად არ არის ჩართული კორუფციაში, “ეს არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ არ გყავდეს კორუმპირებული თანამშრომლები შენს გარშემო“.


“მინდა თქვენს დღის წესრიგში დავაყენო ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, განუცხადა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს. 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა სამართალდამცავების მიერ თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის და კიდევ რამდენიმე თანამშრომლის დაკავება 150,000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, რომელიც მათ ერთ-ერთი კერძო ფირმისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადის ჩამოწერის სანაცვლოდ აიღეს. 


“ნათელია, რომ სისტემას სასწრაფო და ფუნდამენტალური რეფორმები სჭირდება … ჯერ კიდევ შესაძლებელია დამატებით სულ ცოტა 100 მილიონი გადასახადის შეგროვება [პრეზიდენტმა ვალუტა არ დააკონკრეტა]“, განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button