skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენასა და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მოსკოვში მსჯელობენ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, რომელთაც თან ახლავთ რკინიგზის დეპარტამენტისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, მოსკოვში 15–16 ივნისს მონაწილეობას მიიღებენ  სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე აფხაზურ მხარესთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები, გაეროს გენერალური მდივის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები.


მოსკოვის ეს მოლაპარაკებები სოჭის ფორმატში იმართება. 2003 წლის 7 მარტს სოჭში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამ საკითხზე შეთანხმდნენ: ენგურჰესის რეაბილიტაციაზე; დევნილთა დაბრუნებაზე და აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დევნილთა დაბრუნების პროცესი და რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები პარალელურად უნდა წარმოებდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button