ახალი ამბები

კოკოითი მოსკოვში ვიზიტის დროს ცხინვალის პოლიტიკაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში 1 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს იგი “სამხრეთ ოსეთის [რუსეთის ფედერაციაში] ინტეგრაციის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას გეგმავს“, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“. 


მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოკოითმა ასევე ისაუბრა სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე სხვა სეპარატისტულ რეგიონებთან –  აფხაზეთთან, დნესტრისპირეთთან და მთიან ყარაბაღთან და განაცხადა, რომ 2007 წელს სამხრეთ ოსეთი შესაძლოა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფო გახდეს.


“დასავლელი პოლიტიკოსები უკვე იხრებიან იქით, რომ აღიარონ სამხრეთ ოსეთის, კოსოვოს და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა“,  განაცხადა კოკოითმა და აქვე დასძინა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ სამხრეთ ოსეთი შეეცდება ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს.  


“თუმცა ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია კატეგორიული წინააღმდეგია ამის [სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების] და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლას ახდენს. ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თანახმა არიან განიხილონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი, მაგრამ არა რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების კონტექსტში“, დასძინა კოკოითმა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერის თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ძასოხოვის გადადგომა არ იქონიებს რაიმე ზეგავლენას სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ურთიერთობებზე.


კოკოითმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტი ლიდერების შეხვედრა შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში ჩატარდეს, თუმცა ამ შესაძლო შეხვედრის ადგილი მან არ დააკონკრეტა.


“ამ შეხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი რესპუბლიკებისთვის და ის აუცილებლად ჩატარდება … ჩვენ გვინდა ჩვენი პოლიტიკის კოორდინირება და ერთმანეთის დახმარება ჩვენი სახელმწიფოების გაძლიერების მიზნით, ან როგორც დემოკრატები ამბობენ, თავისუფლების მოპოვებაში“, განაცხადა კოკოითმა. 


პრეს-კონფერენციაზე ედუარდ კოკოითმა ასევე გააკეთა კომენტარი 29 მაისს კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ჯგუფს და ქართველ პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებაზე, რასაც შედეგად ერთი ქართველი პოლიციელის და ოთხი ოსი შეიარაღებული პირის დაღუპვა მოჰყვა. მისი თქმით, ეს იყო ქართული მხარის მიერ მომზადებული პროვოკაცია.


კოკოითმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც 2008 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გამოყვანის პროცესის დასრულებას ითვალისწინებს. კოკოითი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს “ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს [რუსეთსა და საქართველოს] შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button