WWF: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გარემოს საფრთხეს უქმნის
25 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მსოფლიო ველური სამყაროს ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი “არ არის უსაფრთხო ეკოლოგიური თვალსაზრისით“, განსაკუთრებით ნავთობსადენის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ბორჯომის ხეობაზე გადის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია British Petroleum-მა, რომელიც ამ მრავალმილიარდიანი პროექტის მშენებლობას უძღვებოდა, დეტალურად არ განიხილა შესაძლო ალტერნატიული მარშრუტები, რომლებიც არ გაივლიდა ბორჯომის ხეობაზე – რეგიონზე, რომელიც მინერალური წყლებითაა განთქმული და ასევე მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენს.
WWF-ის კავკასიის ოფისის ცნობით, საზოგადოება არ იყო კარგად ინფორმირებული ნავთობსადენის მშენებლობის დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით დაშვებული შეცდომების თაობაზე, მათ შორის ნავთობსადენის შეერთების ადგილების დასაცავად საჭირო ანტი-კოროზიული საფარველის დაზიანების შესახებ.
WWF-ის კავკასიის ოფისი ასევე აცხადებს, რომ შეუძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგის გამართვა BP-სთან ამ პრობლემებთან დაკავშირებით და იმეორებს, რომ მიუხედავად უსაფრთხოების “უპრეცედენტო“ ზომებისა, რომლებიც მშენებლობის დროს იქნა მიღებული, ნავთობსადენი მაინც უქმნის საფრთხეს რეგიონის ეკოლოგიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)