skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.


ევროპის საბჭოს პრეს-ოფისის ცნობით, ტერი დევისი პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, რომელმაც დახმარება სთხოვა მას სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის საქმეში. თბილისში ჩამოსვლისას ტერი დევისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად იგი საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებსაც განიხილავს.


ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს,  პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის წევრებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ ქართულ მხარეს “გულწრფელი მოლაპარაკებები“ ექნება ტერი დევისთან იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომლებიც საქართველომ 1999 ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა.


“ჩვენ მართლაც წარმატებულად შევასრულეთ ზოგიერთი მათგანი. მაგრამ არსებობს ისეთი ვალდებულებებიც, რომელთა შესრულებაც საქართველოს, ობიექტური მიზეზების გამო, ახლა არ შეუძლია“, განაცხადა ბურჯანაძემ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ, მას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ აღებული ვალდებულება ჰქონდა მხედველობაში.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button