ახალი ამბები

რუსეთი საქართველოზე ზეწოლას პანკისური “საფრთხის” გამო აძლიერებს








ქართული საგუშაგო პანკისის ხეობაში
რუსეთმა საქართველოს 17 იანვარს ჩეჩენი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მფარველობაში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი და განაცხადა, რომ “ტერორიზმის საფრთხე” კვლავ საქართველოდან მოდის, რასაც ორი ქვეყნის სპეცსამსახურებისა და მესაზღვრეები მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაუპირისპირდეს და არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის პრობლემურ მონაკვეთების “საერთაშორისო მონიტორინგზე იმედების დამყარება”.  


საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თებერვალში დაგეგმილ ვიზიტს უსწრებს წინ და მას შემდეგ კეთდება, რაც რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას. განცხადება ასევე თანხვედრაშია რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებასთან, რომელმაც 13 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პრევენციულ დარტყმებს მიაყენებს საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტების ბაზებს.


განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყურადღების მისაქცევად გაკეთებულ ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებს, რომელიც პანკისის ხეობაში ჩეჩენი “ბოევიკებისა და ტერორისტების” ყოფნას უკავშირდებოდა, “სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან მხოლოდ იმის მტკიცება მოსდევდა, რომ პანკისის ხეობა ტერორისტებისაგან თავისუფალია”.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 იანვარს გამოაქვეყნა მოხსენება დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ “ვერ შეძლო გაექარწყლებინა რუსეთის შეშფოთება პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების არსებობასთან დაკავშირებით, ასევე თბილისში მასხადოვის [ჩეჩნეთის მეამბოხე პრეზიდენტი] მიმდევარი სტრუქტურების საქმიანობასა და მათი ლიდერების მიერ ადგილობრივი მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით“.


რუსეთის საელჩოს განცხადება ასევე უკავშირდება გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში  ჩეჩენი მებრძოლებისა და უცხოელი დაქირავებული ჯგუფების არსებობის შესახებ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მებრძოლთა ერთი ჯგუფი 200 კაცის ოდენობით, დუისსა და ხალაწანის მიმდებარე ტერიტორიებში იყო დაბანაკებული, ხოლო მეორე ჯგუფი კი, რომელიც 50-მდე მებრძოლს ითვლდა, ხეობის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ომალოში იყო განლაგებული. 


ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, სოფელ ბირკიანის მახლობლად დაბანაკებული იყო ასევე მესამე 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითად უცხოელი, “თურქულად მოლაპარაკე” დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა. ამ დაჯგუფებების ხელმძღვანელებად დასახელდნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აქტივისტები აბუ ატია და აბუ რაბია. აბუ რაბიას შესახებ ინფორმაცია არ არსებობს; თუმცა, აბუ ატიას სახელმა პირველად 2003 წელს გაიჟღერა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აბუ ატია ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელის პანკისის ნაწილის ლიდერია.


მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პანკისის ხეობას საქართველოს უშიშროების ძალები სრულად აკონტოლებენ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით უცხოელთათვის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შედგა  რამოდენიმე ვიზიტი პანკისის ხეობაში იმის დასამტკიცებლად, რომ ხეობაში ტერორისტები არ იმყოფებიან.


ამასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს 17 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ “როგორც კი მებრძოლები იგებენ ინფორმაციას პანკისის ხეობაში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ, ისინი ტოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს, რომელსაც მოგვიანებით კვლავ უბრუნდებიან”.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმის პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სპეცსამსახურებსა და სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობით და “არა საერთაშორისო მონიტორინგზე იმედების დამყარებით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია”.


ამ ნაწილში განცხადება ეხება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 2004 წლის 31 დეკემბრამდე მიმდინარე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციას, რომელსაც რუსეთის ვეტოს გამო მანდატი აღარ გაუგრძელდა.  ამ ფაქტს საქართველოს პროტესტი მოჰყვა.


“ამ ფაქტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას, რადგან საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვრის ყველაზე რთული მონაკვეთი დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობის – რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უმნიშვნელოვანესი გარანტის გარეშე”, ნათქვამია საგარეო უწყების 14 იანვრის განცხადებაში.


საქართველომ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციის “უკიდურესად ხისტი, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი პოზიცია” და თხოვნით მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას, რათა სასწრაფოდ იყოს მიღებული ყველა საჭირო ზომა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის ჩასანაცვლებლად საზღვარზე საერთაშორისო მეთვალყურეობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”.


 


 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button