skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიციური” სახელმწიფოს შექნის მცდელობაში ადანაშაულებს

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ორი ძალოვანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ერთ უწყებაში გაერთიანდა და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა. თუმცა ეს ნაბიჯი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებას “არაკონსტიტუციური” უწოდა და “პოლიციური” სახელმწიფოს შექმნის წინაპირობად მიიჩნია. 
 
“მე არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული ამ ექსპერიმენტის ავტორებს ან რა ცვლილებები მოჰყვება ამ გაერთიანებას 4-5 თვის შემდეგ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით ნამდვილად პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობის გზით მივდივართ”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში “რესპუბლიკელი” ივლიანე ხაინდრავა. 
 
“როცა განფენილია უფლებამოსილებები ორ სამინისტროს (შსს და უშიშროებას) შორის, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ისევეა პოლიციური სახელმწიფოს შექმნის პოტენციური შესაძლებლობა, როგორც  სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში”, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკა გვარამიამ “სივილ ჯორჯიას”.
 
ამ ინსტიტუციონალური ცვლილების შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 14 დეკემბერს გააკეთეს.


გამსხვილებული შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აწ უკვე ლიკვიდირებული უშიროების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი დაინიშნა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის მთლიან შემადგენლობასთან ერთად პარლამეტმა ნდობა 27 დეკემბერს გამოუცხადა.
 
ამ გაერთიანების სასარგებლოდ მთავრობის მიერ მოყვანილი ძირითადი არგუმენტი “დასავლური ტიპის” მოდელზე გადასვლა იყო.
 
“ამ სტრუქტურული ცვლილებით ახალი მთავრობა დასავლური ტიპის მოდელზე გადადის და საბოლოოდ თავისუფლდება საბჭოური მოწყობის გადმონაშთისგან”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 
თუმცა დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა თვლის, რომ ამ ძალოვანი “მონსტრის” შექმით, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა “სასამართლო სისტემაც ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ნაწილია”.
 
“ეს არის  საბჭოთა პერიოდის მსგავსი მონსტრი, რომელიც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შექმნის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რომელიც პრაქტიკულად ისედაც სავალალო მდგომარეობაშია”, აცხადებს ხაინდრავა.
 
კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა 24 დეკემბერს დაამტკიცა, უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციასთან ერთად 13 კანონში იმ ცვლილებებს ითვალისიწნებს, რომელიც სამართლებრივად აწესრიგებს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
 
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაემატა საშინაო დაზვერვის ყველა ის ფუნქცია, რომელიც ადრე უშიშროების სამინისტროს ჰქონდა. ამას გარდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე შინაგანი ჯარი, როგორც ეს პრეზიდენტის განკარგულებით ცოტა ხნის წინ დარეგულირდა, თავისი მძიმე შეიარაღებითურთ თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა. 
 
“ხდება გადაჯგუფება და ძალოვანი უწყებების ძალიან საჭირო ოპტიმიზაცია, რადგანაც ვფიქრობ, რომ დრომოჭმულია საბჭოური პერიოდის უშიშროების სამინისტრო, რომელიც ამ ფორმით არცერთ დემოკრატიულ  ქვეყანაში არ არსებობს”, განუცხადა ნიკა გვარამიამ “სივილ ჯორჯიას”.
 
ივლიანე ხაინდრავა მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ცვლილებების სასარგებლოდ ხელისუფლების კიდევ ერთი არგუმენტი “პარალელიზმის მოსპობის თაობაზე” არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან “შსს-ს და უშიშროების უფლებები გამიჯნული იყო”.
 
“სტრუქტურული დახვეწის მოწინააღმდეგე არავინ არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მიღებული კანონპროექტები მიუთითებს იმას, რომ მიმდინარეობს ორი სამინისტროს გამსხვილება და მათი მექანიკური შერწყმა, რასაც კრძალავდა საქართველოს კონსტიტუციის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც თებერვალში შეიცვალა და ეს შემთხვევითი არ ყოფილა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ივლიანე ხაინდრავამ.
 
თუმცა ამ ცვლილებით არ მთავრდება ძალოვანი უწყებების რეფორმირება. როგორც “სივილ ჯორჯიასთვის” გახდა ცნობილი, მთავრობა 2005 წლის გაზაფხულისთვის პარლამენტს ცვლილებათა მორიგი წინადადებებით მიმართავს, რაც პოლიციის ფუნქციების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას შეეხება. ამას გარდა, ამ პოლიციური ერთეულების ხელმძღვანელებს ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს.
 
“ჩვენ გვამშვიდებენ იმით, რომ პოლიციური ფუნქციები მომავალში მუნიციპალიტეტებს გადაეცემა, მაგრამ თუკი ეს გეგმა არსებობს, მაშინ რატომ არ ტარდება სტრუქტურული ცვლილებები ერთობლიობაში?”, აცხადებს ხაინდრავა. 
 
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც “მემარჯვენე ოპოზიციამ” ხელისუფლებას სტრუქტურული ცვლილებების გამო წაუყენა, მის ანტიკონსტიტუციურობას უკავშირდება. კერძოდ, კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი “უშიშროების მინისტრი”, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, “თუმცა აღარ არსებობს თავად უშიშროიების სამინიტრო, რაც ანტიკონსტიტუციურია”, აცხადებს “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერი დავით გამყრელიძე.
 
თუმცა უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებაში ვერაფერს ანტიკონსტიტუციურ ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ახალ რეალობებთან შესაბამისობაში მოყვანაა საჭირო, “რათა რეფორმა არ შეფერხდეს”. 
 
“ნამდვილად არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ რეფორმა შეჩერდეს მანამ, სანამ კონსიტუციაში არ იქნება ცვლილება შეტანილი, არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს; როცა კონსტიტუციური ჩანაწერი უმოქმედოა, მას შესაბამისად გასწორება სჭირდება”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ნიკა გვარამია.

Back to top button